მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში თბილისში საბითუმო და საცალო ვაჭრობა ლიდერობს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 44 599.3 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი (51.7 პროცენტი), იმერეთი (9.3 პროცენტი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (9.0 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.8 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.3 პროცენტი).
ამასთან, საქსტატის ცნობით, თბილისში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (20.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი) და მშენებლობა (10.9 პროცენტი).
იმერეთის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს დამამუშავებელი მრეწველობა (13.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (11.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.2 პროცენტი). აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში – დიდ წილს ფლობს მშენებლობა (16.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (15.5 პროცენტი), ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (10.6 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (23.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.2 პროცენტი), ასევე სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (10.6 პროცენტი).