მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირის ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირის ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ ფართობზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ჯიარჯიმ“ განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი, 1 130 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჭანტურიას ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდა ძველი თბოქსელი, ჩატარდა მიწის სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, სულ 2 500 კვ.მ ფართობზე.

ასევე, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.

„პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.