„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სკი კროსის დისციპლინაში 12 ქვეყანა და 60 ათლეტია წარმოდგენილი.
„ბაკურიანში, დიდველზე პირველი საფინალო დღეა სკი კროსის დისციპლინაში. აბსოლუტურად განსხვავებული სანახაობაა, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შოუს ვიხილავთ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა და ათლეტებისგან საუკეთესო შეფასებები გვაქვს. არამარტო ტრასა, ყველაფერი იდეალურ დონეზეა შესრულებული. დარწმუნებული ვარ, საამაყო ფინალი იქნება. აღსანიშნავია, რომ 12 ქვეყანა და 60 ათლეტია წარმოდგენილი, კერძოდ, არიან მედალოსანი ათლეტები, წინა წლის გამარჯვებულები, ძალიან კარგ სანახაობას ველოდებით”,- აღნიშნა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, დღეს და ხვალ თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება.
შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს.
შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.