მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი - მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობით, გუდაური, როგორც ახალი ლოკაცია მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, 3-4 თებერვალს გუდაურში მნიშვნელოვანი შეჯიბრი – სნოუბორდ კროსის დისციპლინა ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეჯიბრისთვის გუდაური არის ახალი ლოკაცია, შესაბამისად, როგორც კურორტი, ასევე ქვეყანა მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.
„დღეს გვქონდა კვალიფიკაციების და ვარჯიშების დღე. 3-4 თებერვალს ფინალებია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა წამყვან სპორტულ მედიაარხებზე და სხვა პლატფორმებზე. ვიმედოვნებ, საკმაოდ ხარისხიანად ჩავატარებთ. კვალიფიკაციებზე შეფასებები მაღალია საერთაშორისო ფედერაციის დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენებიც საკმაოდ კმაყოფილები არიან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას და კიდევ ერთხელ მივულოცო 100 წლის იუბილე“, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
შეჯიბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ. მისი თქმით, 17 ქვეყნიდან დაახლოებით 90-მდე სპორტსმენია ჩამოსული.
„გამომდინარე იქიდან, რომ ფინალამდე დარჩენილია ოთხი შეჯიბრი, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღფრთოვანებული არიან შეჯიბრის ადგილით. სანახაობრივად მართლაც ძალიან ლამაზი ტრასა გამოვიდა. იმედს ვიტოვებთ, ეს შეჯიბრი დარჩება საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში და ყოველ წელს გვექნება შეჯიბრის ჩატარების საშუალება. ამ სახეობაში ქართველი სპორტსმენი არ გვყავს და შემდეგ კვირას, ბაკურიანში ქართველი ორი სპორტსმენი ჩამოვა. ჯერ ცოტა უკან ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა შედეგებსაც გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა ზურაბ კოსტავამ.
ამასთან, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, ინფრასტუქტურა, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რასაც აქ ვხედავთ, ინფრასტრუქტურას, ახალ საბაგიროებს. საქართველო მთის კურორტების განვითარების კუთხით ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებს. ყველა სპორტსმენი გაოცებულია ნანახით. ღონისძიებების ჩატარების ადგილი მშვენიერია, ტრასა ძალიან კარგია. ამინდის მხრივაც, როგორც ჩანს, გვიმართლებს. საერთო ჯამში, ღონისძიების ორგანიზება და ყველაფერი, რაც ადგილზეა, მოგვცემს საშუალებას, მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ მსოფლიო თასის შეჯიბრი. ასე რომ, შაბათ-კვირას დაგეგმილი ღონისძიების მიმართ ჩვენ ძალიან დადებითი განწყობა გვაქვს“, – განაცხადა უვე ბეიერიმ.
ცნობისთვის, გუდაური 3-4 თებერვალს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს პირველად უმასპინძლებს.
„მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებაში იასპარეზებს მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი.