პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია საქართველოში მინი საბაგიროებს ამონტაჟებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი საბაგიროების ფასი დაახლოებით, 25 ათასი ევროა. მისი განცხადებით, საპილოტე პროექტი სვანეთში მიმდინარეობს.
„მინდა, სასიამოვნო სიახლე გამცნოთ – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების და განვითარების კომპანიის მიერ ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანეთში წამოწყებული პროექტი.
მოგეხსენებათ, მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირად ღირებულ საბაგირო გზებს და ეს ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად, ტურზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ, სულ გვესმის, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და თანდათანობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს, რომ კურორტებით ისარგებლოს, ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება, ჩვენმა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს.
ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით 25 ათასი ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი, არის 200-300 მეტრის სიგრძის.
სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტეხში უკვე დავამონტაჟეთ ასეთი საციგურაო საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ყველა ბავშვს შეუძლია ისარგებლოს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მინი საბაგიროები ძალიან მარტივი კონსტრუქციაა.
„ამას ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მთიან რეგიონებში, სადაც გვაქვს თოვლი, არის აღმართი და დაღმართი. ამის გაკეთება შეიძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების გაჯანსაღებისა და იმისთვის, რომ ეს ბავშვები მოემზადონ, გაიზარდონ და გახდნენ ისეთივე სასახელო ოლიმპიელები, როგორიც გვყავს კორეაში, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სოფლებში, სადაც ცხოვრობენ. მინიმუმ გაიზრდებიან ჯანმრთელები და ექნებათ გართობის საშუალება ზამთარში. მთა არის ჩვენი სიმდიდრე და შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
ზაფხულში ვაპირებთ სასეირნო, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობას და მის გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან“, – განაცხადა პრემიერმა.