მთის ფონდიდან სხვადასხვა მიმართულების პროექტებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება
მთის ფონდიდან სხვადასხვა მიმართულების პროექტებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი მოხმარდება მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ხოლო მეორე 10 მილიონი კი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფონდის თანხა განაწილდება „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აშენდება და აღიჭურვება რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო. ასევე, დაგეგმილია ექვსი კოოპერატივის თანადაფინანსება და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული რძის საწარმოსათვის საოფისე ინვენტარისა და რძის მზიდი ორტონიანი ავტომანქანის შეძენა.

მათივე ინფორმაციით, ფონდის თანხა მოხმარდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებას, და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენასა და გადამამუშავებელი-შემნახველი საწარმოების პროექტირებას.

„საქართველოში მთის სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე. უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით. ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ესაა საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე“, – აცხადებენ სამინისტროში.