მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანში მოქალაქეები საზეიმო განწყობით შეხვდნენ [ვიდეო]
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აზერბაიჯანში მოქალაქეები ოვაციებით აღნიშნავენ.
საერთაშორისო მედია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აღნიშნავს ქუჩაში საზეიმო განწყობით გამოსული ასობით ადამიანი შეთანხმების გაფორმებას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.