მთაწმინდის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიაში გარდაცვლილების არსებობის შესახებ გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება
მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხეს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საარჩევნო სიაში გარდაცვლილებთან დაკავშირებით ვაშაძის განცხადება და იმ პირებიდან, რომლებზეც ვაშაძე საუბრობს, ერთი დაბადებულია 1997, ხოლო მეორე 2 000 წელს.
„აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოსდა ერთი გარდაცლილია 2004 წელს, მეორე 1992 წელს. რეალურად, ამ პიროვნებებიდან ერთი დაბადებულია 1997 წელს, ხოლო მეორე – 2000 წელს“, – განაცხადა გიორგი ზირაქაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამომრჩევლებს მაღალი აქტიურობისკენ მოუწოდა, ასევე ისაუბრა გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით. მათ შორის ვაშაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდის 23-ე საარჩევნო უბანზე სიაში გარდაცვლილები არიან.
„მინდა, გაჩვენოთ, მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე, 23-ე უბანზე გარდაცვლილები არიან სიაში. ადრე არ იყვნენ სიაში და შემდეგ მოხვდნენ. ნოდარი და ზვიად გელოვანები გარდაცვლილები ფიქსირდებიან სიაში. ჩვენს დამკვირვებლებს მოვუწოდებ, მიაქციონ ყურადღება, არ მოხდეს გარდაცვლილთა მონაცემების გამოყენება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მედიას შესაბამისი სია აჩვენა.