მთაწმინდის რაიონში პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ დატვირთულია. შესაბამისად, მოქალაქეებს ამორტიზებული გრუნტის გზა გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემის წინაშე არც ერთი ქუჩის მცხოვრებელი არ დადგეს და შევუქმნათ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.