მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურს 52 ადგილობრივი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
9 ივნისს, თბილისში, N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
როგორც ცესკო-ში განაცხადეს, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.
მათივე ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.
არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის სერვისები.
9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორ საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.
9 ივნისს, დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას.