თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, არჩევნების გამარჯვებულია.
შესაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი 2016 წელს გახდა. მას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაც ეკავა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში გუშინ გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი, რომლის შედეგებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.56 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 146 063 ხმაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – ამომრჩეველთა ხმების 40.44 პროცენტი, რაც 778 167 ხმას შეადგენს.