მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნება, კომიტეტის სხდომებს დაესწროს
მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნება, კომიტეტის სხდომებს დაესწროს

მთავრობის წევრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნება, კომიტეტის სხდომას დაესწროს.

შესაბამისი ვალდებულება პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით არის გათვალისწინებული.

რეგლამენტის პროექტით, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, კომიტეტის სხდომებს დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით დაესწროს, სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინოს. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული პირი კომიტეტის სხდომას სავალდებულო წესით კომიტეტის წევრების უმრავლესობის, ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე უნდა დაესწროს. ფრაქციას კომიტეტზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუ მას კომიტეტში წევრი ჰყავს.

პროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირს, კომიტეტი მოწვევიდან პირველივე კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს, მოთხოვნა კი, კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. ამასთან, ცვლილებებით, კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, იმ საკითხების გარშემო არ ისაუბროს, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

პარლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.