მთავრობის სტარტკომი - მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
მთავრობის სტარტკომი - მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სტარტკომის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასევე ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები.

„განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ, მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას“. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნულია მთავრობის სტარტკომის განცხადებაში.