მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელის გასათავისუფლებლად პოლიციამ აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცა
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გონივრული ვადა მისცეს, რათა კანცელარიის შესასვლელი გაათავისუფლონ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამის განმავლობაში დარჩნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, ვინაიდან დღეს დილით მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს, სწორედ ამიტომ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რათა დისკომფორტი შეუქმნან მთავრობას.