სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.
ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი – ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს – შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები.
„როგორც პარლამენტში ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებული გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.