მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ მშპ-ის 39.8 პროცენტი შეადგინა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ მშპ-ის 39.8 პროცენტი შეადგინა.
მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 2019 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სრულად დააბალანსა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მთავრობა განმარტავს, რომ 2019 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბალანსმა გადააჭარბა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და მშპ-ის 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვალით დაფინანსებული დეფიციტი უარყოფითი იყო.
„2019 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 267.7 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ის 7.1 პროცენტი) შეადგინა. მკვეთრად იმატა რეინვესტირების მაჩვენებელმაც. 2019 წელს რეინვესტირების მოცულობა 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისმა წილმა კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების − 48.3 პროცენტი. რეინვესტირების ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს მიმართ.
გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ვალის მართვა ხორციელდება მთავრობის ვალის მართვის 2019 − 2021 წლების სტრატეგიის შესაბამისად. ასევე, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკბონდების გამოშვება, დაწყებულია ვალდებულებების მართვის, გამოსყიდვის ოპერაციებისა და პირველადი დილერების სისტემის დანერგვის ღონისძიებები.
პარალელურად, საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობას და აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა დონორთან/განვითარების პარტნიორთან საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ გაფართოების შესახებ. ეს იძლევა საშუალებას, ქვეყანას მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსით მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოსაზიდად“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 15 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 900 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე.
„ეკონომიკური მიღწევები აისახა სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზეც. 2019 წლის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს გაუზარდა სუვერენული რეიტინგი. კერძოდ, „ფიჩმა“ (Fitch) და „ეს ენდ პიმ“ (S&P) მთავრობის ვალის საკრედიტო რეიტინგი „ბიბი“ (BB) სტაბილურით შეაფასეს. როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებში აღინიშნა, გაუმჯობესება ძირითადად განპირობებული იყო მოწყვლადობის რისკების შემცირებით.
2020 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2019 წლის ბოლოსათვის არსებული მაკრეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების გათვალისწინებით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ იქნა 2.5 პროცენტის ფარგლებში. თუმცა, არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზები სრულად შეცვალა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმი, ერთობლივი მოთხოვნა და შესაბამისად ვაჭრობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბაზისო სცენარით, 2020 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სამპროცენტიანი კლება, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში − ეკონომიკის კლება ხუთ პროცენტს აჭარბებს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.