მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა
მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს უმუშევრობის დონე შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა. მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

„2019 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (50.3 პროცენტი) აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას. მთლიან დასაქმებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს პირველად 2018 წელს გადააჭარბა.

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 713.9 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება და 29.4 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია გავლენას მოახდენს საქართველოში დასაქმების მაჩვენებლებსა და შრომის ბაზრის სტრუქტურაზე და პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი იქნება შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და სტრატეგიების მოდიფიცირება.