მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილ პირს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის 198 ნაკვეთი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.