მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერს, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში , 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.
არსებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.