მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ პროგრამაში, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს, თბილისის მერიაც იქნება ჩართული
მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ პროგრამაში, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს, თბილისის მერიაც იქნება ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისის მერია მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ოპერაციის სრულად დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„იცით, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი შედგება ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებისგან, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით, რომ ადამიანებს დავეხმაროთ და ჩვენი სამსახურების მხრიდან ჰქონდეთ თანადგომა. წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ფინანსდება სხვადასხვა ოპერაციისა და პროგრამის სახით, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომლის განხორციელება დავიწყეთ 2018 წლიდან. პროგრამის დაწყებისას ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მომსახურებისას განსაზღვრული ტარიფის 50 პროცენტით ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტის მხრიდან. მოგვიანებით, დაფინანსება გავზარდეთ, დავამატეთ 10 ათასი ლარი და განისაზღვრა 70 ათასი ლარით. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თუ ღირდა 120 ათასი ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 ათასი ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მისასალმებელია და დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100 პროცენტით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დედაქალაქის მერიაც უერთდება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. დედაქალაქის მერიაც სრულად დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას და ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამაა. ვისაც დასჭირდება, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ექნება მხარდაჭერა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენც ვუერთდებით და თუ აქამდე 120 ათასი ლარიდან 70 ათასი ლარით ფინანსდებოდა და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი წევდა, დანარჩენი თანხების მოძიება უშუალოდ ადამიანებს უხდებოდათ, დღეს ეს პრობლემა მოხსნილი იქნება და აღნიშნული პროგრამა ჩვენი მხრიდანაც 100 პროცენტით დაფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.