მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაახლოებით 50 ათასი ტონა იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე ათი თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან. პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 21,768 ტონა ვაშლი გადამუშავდა, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.