მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ
მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან.
„დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან. სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.