მთავრობის ანგარიშის მიხედვით, პირველი მარტიდან 22 მაისამდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარია
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, პირველი მარტიდან 22 მაისამდე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარია

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ ნაწარმოებია 4,787,111 პირბადე, ხოლო დარიგებულია – 2,761,990.

მთავრობის ინფორმაციით, ჯამურად 14-მა კომპანიამ და 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პირბადეების წარმოებაში.

„პირბადეებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური დეფიციტის პირობებში, რომელიც მოიცავდა როგორც მზა პირბადეების, ისე მასალის მკვეთრ დეფიციტს, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით: მიწოდების უწყვეტობა; გარე ფაქტორებზე მინიმალური დამოკიდებულება; მოკლე ვადაში კრიტიკულად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

დოლბანდის მრავალჯერადი პირბადის ადგილობრივი წარმოება წარმოადგენდა ამ გამოწვევის ოპტიმალურ გადაწყვეტას.

ლუგარის ლაბორატორიის მიერ ტექნოლოგიისა და დიზაინის დადასტურების შემდეგ, განხორციელდა დოლბანდის ადგილობრივი მარაგების შესყიდვა, პარტნიორ ქვეყნებში ნედლეულის მოძიება, საქართველოში მისი იმპორტი და ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების დაკონტრაქტება.

ჯამურად 14-მა კომპანიამ და 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პირბადეების წარმოებაში. დოლბანდის პირბადის მრავალჯერადმა გამოყენებამ შექმნა კრიტიკული დეფიციტის შედარებით სწრაფად დაკმაყოფილების საშუალება. მეზობელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური 44 მისიების ჩართულობით განხორციელდა დოლბანდის საჭირო მარაგების მობილიზება, რამაც უზრუნველყო წარმოების პროცესის უწყვეტობა.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში სულ ნაწარმოებია 4,787,111 პირბადე, ხოლო დარიგებულია – 2,761,990, აქედან, საცალო ქსელში – 1,828,850; რეგიონებში – 474,300; პენსიონერებისთვის – 80,500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) – 35,300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) – 85,650“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო.

„ასევე, ხელი შეეწყო სადეზინფექციო სითხეების წარმოებასაც და ქართული კომპანიების წარმადობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვის მოხსნაზეც.

მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი საწარმოების და დარეგისტრირებული პროდუქტების რაოდენობა. ამ პერიოდში წარმოების დასაწყებად ლუგარის ლაბორატორიას მიმართა 56-მა კომპანიამ, 60 სხვადასხვა პროდუქტის რეგისტრაციისთვის. მარტამდე მხოლოდ 10 კომპანია აწარმოებდა რეგისტრირებულ სადეზინფექციო საშუალებებს. ამჟამინდელი წარმოების ჯამური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 4,000 ტონას თვეში“,- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მომართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 მომართვაზე.

„მთლიანი მომართვების 90 პროცენტი შეეხებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას (სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, შენობის დეზინფექციის მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო 50 ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება, კვებითი მომსახურება და სხვ. – ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარია“,- ნათქვამია ანგარიშში.