მთავრობის ანგარიში - შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და ირლანდიაში პოლიციის ახალი ატაშეების გაგზავნას აპირებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და ირლანდიაში პოლიციის ახალი ატაშეების გაგზავნას აპირებს,- ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შს სამინისტროსთვის პოლიციის ატაშეების ქსელის შემდგომი გაფართოება პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ატაშეების წარგზავნა ისრაელსა და ირლანდიაში. 2023 წლის დასაწყისში პოლიციის ატაშეების მიერ დაიფარა ახალი ქვეყნები და დღეის მდგომარეობით, 16 პოლიციის ატაშის მიერ იფარება 30 სახელმწიფო. ამჟამად მიმდინარეობს აკრედიტაციების მიღების პროცედურები მალტიდან და სან მარინოდან (დაფარავს იტალია), ბულგარეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან (დაფარავს საბერძნეთი), შვეიცარიიდან და მონაკოდან (დაფარავს საფრანგეთი). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდებოდა არაერთი მნიშვნელოვანი სწავლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.