2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
მთავრობა ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობას დეტალურად მიმოიხილავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
„2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას ავსებს და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით ექვსი მიმართულებიდან სამში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია – ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი. საქართველომ ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად, ევროკავშირს გადასცა გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სტრუქტურის (35 თავი) მიხედვით, წლის განმავლობაში ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოაქვეყნებს ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციას ევროპული საბჭოსთვის, რომელმაც წლის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით და ამ მხრივ აღსანიშნავია: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი; ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) ვიზიტი; სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი. ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით, 2022 წლის დეკემბერში თბილისში გამართული ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი.
„საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.
გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები: შარლ მიშელთან, რობერტა მეცოლასთან, ოლივერ ვარჰეისთან, ჟოზეფ ბორელთან, ოლაფ შოლცთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, ეუთოს გენმდივანთან, კონგრესმენ ერიკ სლოველთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან. 2022 წლის 30 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის − ჩეხეთის ორგანიზებით პრაღაში შედგა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ე.წ. გიმნიხის (Gymnich) ფორმატში. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მხრიდან სამი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და მისი რეალიზაციის მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ირლანდიის, ესტონეთის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ამასთან ერთად, გრძელდებოდა აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან მაღალი დონის ახალი ფორმატების შეხვედრების ინიციირების მიზნით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში.
უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობის ცნობით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაში.
„ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა; გრძელდება საკანონმდებლო მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულის მუდმივი განახლება და ამ ეტაპზე „ევროტერმბანკის“ სერვერზე განთავსებულ მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულში ასახულია 25,000-ზე მეტი ტერმინი.
„ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის მარტში შემუშავდა სასწავლო მოდული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თემატიკაზე, რომელიც საჯარო მოხელეებისათვის ყოველწლიურად განხორციელდება.
2022 წლის ივლისში ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ტენდერებში. გრძელდება მუშაობა ქართული პროდუქციისთვის ევროპულ ბაზრებზე შესვლისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელების მიზნით, მათ შორის აღსანიშნავია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების მიზნით მიმდინარე სამუშაოები.
გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში მონაწილეობისა და სპეციალურ სააგენტოებთან თანამშრომლობის კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.