მთავრობის ანგარიში - 2022 წელს ინტენსიური ძალისხმევა იყო მიმართული აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ
ინტენსიური ძალისხმევა იყო მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
მთავრობა განმარტავს, რომ გასულ წელს ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.
„საანგარიშო პერიოდში შედგა საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სენატორების − ჯინ შაჰინისა და რიჩარდ დურბინის შემადგენლობით. აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა ძალაში შესული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მერვე წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე (NDAA), რომელიც ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა.
„შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებულია განსაკუთრებული ინტერესი. კანონი ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რეგიონის ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი სტრატეგიების მიღებას. საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებით, რაც ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მზარდ ტენდენციას“, – აღნიშნავს მთავრობა.
მთავრობის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის კონგრესში ინიციირებულ იქნა ორპარტიული „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“, სადაც ხაზგასმულია რეგიონის მნიშვნელობა ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების კუთხით და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმულია მოწოდება შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ქმედითი სტრატეგიის შემუშავების შესახებ.
„ნიშანდობლივია, რომ აქტი აღნიშნავს თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამავე კონტექსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის დავალებით დაიწყო „აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიის“ შემუშავება, რა მიზნითაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს მართავს ქართულ მხარესთანაც“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რა მიზნითაც 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის პერიოდში თბილისში გაიმართა კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
„ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმად, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას.
საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.