მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ჰააგაში, მაღალი დონის ანტიკორუფციულ კონფერენციაში მონაწილეობს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ჰააგაში, მაღალი დონის ანტიკორუფციულ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგაში, მაღალი დონის ანტიკორუფციულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება კორუფციის ყველა ფორმის მიმართ ერთობლივი ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. მაღალი დონის შეხვედრაზე, მონაწილეები, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის საკითხთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ წინადადებებსა და გზებს განიხილავენ.

ღონისძიების ერთობლივი მასპინძლები არიან ნიდერლანდების სამეფოს, კანადისა და ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია საერთაშორისო რეიტინგებით, ინდექსებითა და შეფასებებით.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება დაუთმო ანტიკორუფციული მექანიზმებისა და სტრუქტურების გაძლიერებას და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას. აღინიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით ქვეყანაში გაძლიერდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, რაც კიდევ უფრო დახვეწს არსებულ პრაქტიკას და დააახლოებს ევროპულ სტანდარტთან.

რევაზ ჯაველიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ევროპულ პერსპექტივაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი ნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ღონისძიების პარალელურად, რევაზ ჯაველიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხორვატიის სახელმწიფო მდივანთან და რუმინეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო ძალას არ იშურებს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს თორმეტივე რეკომენდაცია, რაც ქვეყანას დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. ამ კონტექსტში, რევაზ ჯაველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, აგრეთვე ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.