მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, აქცია იმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ახლა არის ერთობის დრო და აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
„პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, ბრიფინგებს, ასე ვერ იქნება. ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში, ყოველდღიურ რეჟიმში, პოლიციის კორდონით, ჯებირებით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევს დაძინებაც, გაღვიძებაც. მოვუწოდებ ყველას, დაასრულონ ოპოზიციონერებმა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა, ახლა ძალა ერთობაშია. მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ, ნიშნის მოგებით, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს ყველგან. დაბოღმილად წაგებულის პოზიციიდან საუბარი, შემდეგ ტალახის სროლა, არ არის ამის დრო. ახლა არის ერთობის დრო, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეუძლია, მობრძანდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, აქციაზე იმყოფება „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის კატასტროფული შეცდომა.
„ეს არის კატასტროფული შეცდომა, მე, როგორც ჭირისუფალი, ისე ვსაუბრობ. დიდი შეცდომაა ეს საქართველოს ისტორიის გზაზე. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უნდა გადავადდეს და გაიყვანონ ის“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.