მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკების აქციას რეგიონიდან ჩამოსული სოციალური მუშაკები შეუერთდნენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკების აქციას რეგიონიდან ჩამოსული სოციალური მუშაკები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებასა და სხვადასხვა სერვისების ამოქმედებას გულისხმობს, საკუთარ მოვალეობებს არ შეასრულებენ.
სოციალური მუშაკები ხვალინდელ აქციას სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ.
„აქციები აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ზუსტი ლოკაცია ჯერ არ ვიცით. მოთხოვნებიც უცვლელია. სამინისტროს წარმომადგენლები დღეს გვეუბნებიან, რომ ერთ დღეში გაუკეთებენ მობილიზაციას კადრებს, რათა სოციალურად დაუცველ ადამიანებთან, ბავშვებთან, ხანდაზმულებთან და ძალადობის მსხვერპლთა მოსანახულებლად გაუშვან. ჩვენ მათთან მუშაობას ოთხი წელი ვსწავლობთ, ისინი ერთ დღეში შეასრულებენ ჩვენს მოვალეობას? არის თუ არა ეს მათი და ჩვენი უფლებები დარღვევა? არ გვინდა შიშველი ხელებით ბრძოლა, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დაცვას”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სოციალური მუშაკების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გაერთიანებული პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი, უშედეგოდ დასრულდა.
აქციის მონაწილეებს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. დავით სერგეენკოს თქმით, მოთხოვნების ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა, ნაწილი კი, შესრულების პროცესშია. .
შეგახსენებთ, სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება აქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.