მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი აქცია გაიმართება ბათუმსა და მსოფლიოს 20 ქვეყანაში. როგორც ცნობილია, აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორი ალექსეი არესტოვიჩია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, მოგვიანებით გადაწყდება. ნიკა მელიას თქმით, ახლა მთავარია არსებული ხიდჩატეხილობა აღდგეს და ყველა გაერთიანდეს ერთი მოთხოვნით.
„ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ჩატეხილი ხიდების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა მოხდეს, რაც არ არის მარტივი პროცესი. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში არის მაღალი ხარისხის დაქსაქსულობა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში. ის, რომ მსგავსი ტიპის აქციებზე შესაძლებელია, რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიდეს, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებიც იყვნენ ერთსულოვნები“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე გამოხატულია იმ ადამიანების წუხილი, რომელთაც არ სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი.
„აქ რამდენი ადამიანი შეიკრიბება, ამით ციხის კარი არ გაიღება, ეს ყველას კარგად გვესმის. ჩვენ გამოვხატავთ მილიონობით ნორმალური ადამიანის აზრს. იმ ადამიანების აღშფოთებას, რომელთაც არ უნდათ ადამიანის სიკვდილი“, – განაცხადა ბარამიძემ.