მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, აქციის მიზანია, ხელისუფლებას გააგონონ ხმა, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, „განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში“.
ამასთან, როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.
„მთავარი მოთხოვნა დღეს არის ერთადერთი, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ან არ დაზიანდეს მისი ჯანმრთელობა ისე, რომ არ შეეძლოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრება და დაუბრუნდეს ოჯახს ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობით“, – განაცხადა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შეუძლებელია, ციხის პირობებში სააკაშვილის გამოჯანმრთელება. როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებას მოუწევს, თვალი გაუსწოროს რეალობას და შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში.
„პოსტტრავმული პროცესი არის ახლა, რომელიც გამოწვეული იყო არაადამიანური მოპყრობით, ამას ხაზი უნდა გაესვას და არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ არის სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. შეუძლებელია, ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა უნდა გადაუვადდეს.
„გადაიყვანონ რომელიმე ნორმალურ კლინიკაში, სადაც გაეწევა მკურნალობა, ასევე გადავადება მოხდეს. აქ არ არის გათავისუფლებაზე საუბარი, ამის შემთხვევები და პრეცედენტები არსებობს, იურიდიული ფორმაც მოძებნეს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.