მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვს საათზე აქციას განაახლებენ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.