მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა.
აქციაზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დუმაც იმყოფებოდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ, თავს უნდა გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს შს მინისტრს ლგბტ თემის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აქციის წევრებმა ხელისუფლებას სამარცხვინო უწოდეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს. „თქვენო უწმიდესობავ, თუ თქვენ გსურთ ისტორიას დაამახსოვრდეთ მამამთავრად, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც დადგა ისტორიის ნათელ მხარეს, გაიხმეთ ქალაქისა და ქვეყნის ქუჩებიდან თქვენ მიერ შექმნილი მონსტრები. თქვენო უწმიდესობავ, შეწყვიტეთ ზიზღის თესვა ღვთის სახელით. თქვენო უწმიდესობავ დაანგრიეთ ეს კედელი”, – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ილია მეორეს.
ამასთან, აქციაზე ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა. აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები იცავდნენ. აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ავტობუსებით გაიყვანეს.