მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
„გუშინ საღამოს დამევალა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონოდა თათბირი ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხების ორგანიზება ხელეწიფება. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია უკვე იმუშავებს სცენარზე და სხვა შესაძლო ღონისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ინაუგურაციის პროცესში. ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გრანდიოზული ღონისძიებაა და მასში ბევრი სამინისტრო იქნება ჩართული.
ამასთან, კახიშვილის თქმით, ინაუგურაციის ხარჯები ჯერ დათვლილი არ არის.
„ხარჯები ჯერ არ არის დათვლილი, რადგან ჯერ კომისიაც არ არის შექმნილი. ალბათ, დღეს საღამოს უკვე იქნება პრემიერის ბრძანება კომისიის შემადგენლობის შესახებ. როდესაც კომისია შეუდგება მუშაობას, ამასთანავე, იქნება კონსულტაცია სხვადასხვა წარმომადგენელთან, რომლებიც შემოგვთავაზებენ სცენარებს და ამის შემდეგ იქნება ხარჯები”, – განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება ინაუგურაციის ადგილს, კახიშვილის თქმით, არჩეულ პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები და გადაწყდა, რომ ინაუგურაციის ადგილი იქნება თელავი.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.