მთავრობის ადმინისტრაცია - შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა უფრო ადრე მოიხსნას
შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
„დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას.
ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 15 ივლისამდე რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები.