მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი.
„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
„საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.