მთავრობის ადმინისტრაცია - ილია თოფურიასთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
ირაკლი კობახიძე დღეს UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
ამასთან, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ, ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა.
UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.