მთავრობის ადმინისტრაცია - დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს სუვერენიტეტის დასაცავად
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან სინამდვილეში ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.