მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს
აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო განხილვა მიმდინარე სასესიო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
საპარლამენტო კომიტეტები ცვლილებებზე მსჯელობას დაჩქარებული წესით, დაიწყებენ, ამის შემდეგ კი, საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
“კანონპროექტი არის უკვე შემოტანილი პარლამენტში და მას მიმდინარე სესიაზე განვიხილავთ დაჩქარებული წესით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს გააკეთა.
15 ნოემბერს კი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.
ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.