მთავრობას უფლებამოსილება ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს.
შესაბამისი ცვლილებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილია.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს საბჭოს წარდგინებით მთავრობა გადაწყვეტს.
„საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ხევის, მთიულეთის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის მსგავსად გამწვავებულია მიგრაციული პროცესები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობა იმ შეღავათებით ვერ სარგებლობს, როგორითაც მითითებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები. აღნიშნული კი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.