მთავრობას უფლება ექნება, დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება იურიდიულ პირსაც მიანიჭოს
მთავრობას უფლება ექნება, დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება იურიდიულ პირსაც მიანიჭოს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან.
ინიციატორები განმარტავენ, რომ კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას მხოლოდ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის.
„წინამდებარე ცვლილებით კი ასეთი უფლებამოსილების გადაცემა შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირზეც განხორციელდეს“, – ნათქვამია კანონპროექტში.
აღნიშნული ნებართვების გაცემას მერიის საქალაქო სამსახური ახორციელებდა, რომელიც მარტიდან სსიპ-ად გარდაიქმნა.