მთავრობას პარლამენტისთვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის წარდგენა მოუწევს
საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, პარლამენტს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა წარუდგინოს.
აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
პროექტში ნათქვამია, რომ მთავრობა ვალდებული იქნება, პარლამენტს თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისთვის წარმოუდგინოს.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრის, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს – 31 აგვისტოს.
ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში არ შედის, თან გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება უნდა ახლდეს.