მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი ვერსიის სახით წარადგინა
მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი ვერსიის სახით წარადგინა

„საბიუჯეტო კოდექსის“ 39-ე მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს მეორედ წარუდგინა. დოკუმენტი პირველი წარდგენისგან არ განსხვავდება.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის გადამუშავებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობამ მეორე წარდგენისათვის საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პირველი ვერსია შეიტანა.

„2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მუშაობას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზსა და პროგნოზების განახლებაზე. მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე სოციალური თუ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების საჭიროებების დაფინანსებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის მე-7 მიმოხილვის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებებსა და მათთან დაკავშირებული ფისკალური პარამეტრების განახლებულ პროგნოზებზე, მათ შორის მნიშვნელოვანია 2021 და საშუალოვადიანი პერიოდის დეფიციტს მაჩვენებლის შეთანხმება.

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ოფიციალურ წარდგენამდე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ღონისძიებების და საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში, შესაბამისად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების (მეორე ტურების გათვალისწინებით) საბოლოო შედეგები ვერ გამოცხადდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში მეორე წარდგენის (5 ნოემბერი) ვადისთვის, საქართველოს მთავრობა მეორე წარდგენისათვის ბიუჯეტის კანონის პროექტს წარმოადგენს იმავე ვერსიით, როგორც ეს განხორციელდა პირველი წარდგენისას“, – განმარტებულია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას მხარჯავ დაწესებულებებთან ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე და აქტიურად ითანამშრომლებს ახალარჩეულ პარლამენტთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად.

საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მესამე წარდგენით პარლამენტში 30 ნოემბრამდე უნდა შეიტანოს.