მთავრობამ პარლამენტს დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა.
ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს მეორე სვეტის საპენსიო დაზღვევის ჩამოყალიბებას, რაც არ ზღუდავს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მოქმედებას. მთავრობა აღნიშნავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა წარმოადგენს ავტონომიურ პროცესს და ის არ ზღუდავს საპენსიო სქემის მონაწილის უფლებას, მიიღოს სახელმწიფო პენსია, ან სხვა სახის პენსია, თუ დახმარება, რომელიც მას კანონით ეკუთვნის.
კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს, სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული.
ცვლილებებით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2%, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცემულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 ათას ლარს. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცემულობაზე, რომელიც წლიურად 60 ათას ლარს არ აღემატება. გარდა ამისა, პროექტით დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცემულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 24000-დან 60 000 მოცემულობაზე.
კანონპროექტით თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში, მინიმალურ შენატანს წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. თანხის იმ მოცემულობაზე, რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1% თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24000-დან 6000 ლარამდე.