მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.

ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც. კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.

წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს.

მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.

კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ს 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა (ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდება 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით)“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60,2%-იდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მისი შემცირების კლებადი დინამიკა კვლავ გაგრძელდება.

„მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 7 მილიარდ ლარზე მეტით.

რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს – მომავალი წლის ბიუჯეტიკვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.

2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

სოციალური მიმართულებით

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს; ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

განათლების მიმართულებით

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი;

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა; თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410,0 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურა

ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930,0 მლნ ლარამდე; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარზე მეტი; სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630,0 მლნ ლარზე მეტი; გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240,0 მლნ ლარამდე;

საჯარო მოხელეთა ანაზღაურება

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულიცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

2025 წლის ბიუჯეტის პირველადივერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ  მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება“, – აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.