მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა.
აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე ტექნიკური სახის ცვლილებები შევიდა, შინაარსობრივად კი, 30 ნოემბრისთვის, საბოლოო, მესამე წარდგენისთვის განახლდება.
რაც შეეხება საბიუჯეტო პარამეტრებს, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიარდ 211 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 900 მილიონით მეტია.
ბიუჯეტის პროექტის არსებული რედაქციით, სამინისტროების დაფინანსება ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 378,6 მლნ ლარით იზრდება და 4 მილიარდ 347 მლნ ლარს შეადგენს; ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება – 2 მლრდ 071,6 ლარს შეადგენს; განათლების სამინისტროს ბიუჯეტი – 1 მლრდ 636 მლნ ლარით განისაზღვრება; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 353 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 364 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი – 93 მლნ ლარს შეადგენს; საგარეო საქმეთა სამინისტროს – 159 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 880 მლნ ლარით განისაზღვრება; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია – 770 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 203 მლნ ლარით განისაზღვრება.
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას საშემოდგომო სესიის ბოლომდე დაამტკიცებს, რომელიც დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება. პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას ფინანსთა მინისტრი წარუდგენს.