წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს
საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, ხუთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი.
„ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან რაღაც დანაზოგები აქვთ, რომელიც მათ განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა გვერდით დაუდგება და დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.
„მე ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: პირველი – საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის პროცენტს, ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, ხუთი წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, 2019-2020 წლებში საქართველოს 25 000 მოქალაქეს აქვს 25 000 კონტრაქტი გაფორმებული იპოთეკური სესხის, იმ ბინათმშენებლობის პროექტებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
„რა თქმა უნდა, მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროექტები დასრულდეს და ეს ადამიანები, ისევე როგორც 2008 წლის კრიზისის შემდეგ, არ დარჩნენ ქუჩაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.