ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ
სახელმწიფო ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
პრემიერის განმარტებით, საუბარია სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს, ასევე საექსკურსიო საქმიანობითა და კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებულ კომპანიებზე.
„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს – პირველ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება გადასახადის 18 000 გადამხდელს და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.