მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 30 მილიონ ლარს გამოუყოფს
თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.
თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.
სწორედ სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯების გარდა, სოციალურ ასპექტებსაც გაითვალისწინებს, რათა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.