მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, რქაწითელსა და კახურ მწვანეზე მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე ფერმერები არიან და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათ დახმარებოდა, კრიზისის პირობებში ისინი გაეძლიერებინა.
„მოგეხსენებათ, რთველი გვიახლოვდება. ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ ზუსტად სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ ადამიანებს სხვადასხვა ინსტრუმენტით დავხმარებოდით, კრიზისის პირობებში ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში მევენახეობა და მეღვინეობა.
„2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა და საერთოდ, ქართულ ექსპორტში მეღვინეობა 2012 წელს დაახლოებით 2.5 პროცენტი იყო. დღეის მონაცემები, ეს არის 6 პროცენტი.
ეს არის ძალზედ სერიოზული განვითარების დინამიკა, დარგის ზრდის. ამიტომ შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
„მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალება აქვს მიღებული. თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, თუ უკიდურესი აუცილებლობა დადგა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს კრიზისის პირობებში ის მინიმალური შესაძლებლობაა, რაც ჩვენ შეგვიძლია, ქართველ მეცენახეებს დღეს დახმარების სახით გავუწიოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.